თბილისი (GBC) - შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოტბერგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ შვედეთის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. გოტბერგი „ქართული ოცნების“ წევრებს „ტყუილსა და სიცრუეში“ ადანაშაულებს.

შვედი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის რიტორიკა არის მცდელობა, ყურადღება რეალური პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანონ.

„შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ, ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ. რა თქმა უნდა, შვედეთს კრიმინალის მხრივ პრობლემები ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, რომ შვედეთში გასული თვე იყო პირველი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლელობისა და საბედისწერო შემთხვევების გარეშე, რადგან მთავრობა რეფორმებს ახორციელებს.

ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო“, - განაცხადა გოტბერგმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

4 თებერვალს ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შვედეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და „შეშფოთება“ გამოთქვა ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალის, ორგანიზებული დანაშაულის, ეკონომიკური სტაგნაციისა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების გამო.

კირცხალიამ აღნიშნა, რომ მისი განცხადებები ფაქტებსა და სტატისტიკას ეფუძნებოდა.