თბილისი (GBC) - საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო დამატებით დეტალებს აქვეყნებს ქვეყანაში რეგისტრირებული იმ სამი კომპანიის შესახებ, რომლებიც ლონდონის მიერ გამოცხადებულ სანქციების ახალ პაკეტში მოხვდნენ. დიპლომატიური უწყების ცნობით, აღნიშნული სუბიექტების მიერ სანქცირებულ მხარეებთან განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს.
ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სია გააფართოვა და ჯამში 18 ახალი შეზღუდვა დააწესა, რომლებიც კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებისა და ე.წ. „A7 ქსელის“ წინააღმდეგ არის მიმართული. ლონდონის განცხადებით, რუსეთი ამ მექანიზმებს მოქმედი ფინანსური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლისა და უკრაინაში მიმდინარე ომის დასაფინანსებლად იყენებს.
„სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რომლებიც კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შავ სიაში შეყვანილია საქართველოში დაფუძნებული სამი იურიდიული პირი: შპს „არვიქსი“ (Arvix LLC), შპს „რაპირა გრუპი“ (Rapira Group LLC) და შპს „ეიაიფორი“ (Aifory LLC).
ბრიტანული მხარის განმარტებით, ეს კომპანიები მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლას.
ლონდონის მიერ გაფართოებულ სასანქციო ნუსხაში, ქართული ფირმების გარდა, ასევე მოხვდნენ კომპანიები უშუალოდ რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.