თბილისი (GBC) - გერმანიის საელჩო საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კრიტიკას ოფიციალური წერილით პასუხობს და მას ფაქტების გადამოწმებისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყება დეზინფორმაციას უწოდებს ნებისმიერ მტკიცებას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გერმანიის როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

დაპირისპირების მიზეზი შალვა პაპუაშვილის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს, „თავად არ ექნებოდა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე დასწრების სურვილი“, რადგან ის „ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს“.

„რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რეკომენდაციას ვუწევთ ფაქტების გადამოწმებას. ფაქტები კი არის ის, რომ ათწლეულების განმავლობაში გერმანია იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი. ეს მარტივად შეიძლება გადამოწმდეს თავდაცვის სამინისტროსთან. ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს არ დაუზუსტებია, ესწრებოდა თუ არა ელჩი 26 მაისის ღონისძიებას, თუმცა არსებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერი საზეიმო ცერემონიაზე არ იმყოფებოდა. ამავდროულად, პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ოფიციალური მოსაწვევი ყველა დიპლომატს გაეგზავნა.

გერმანიის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მიზანია საქართველოსთან მეგობრული თანამშრომლობის გაგრძელება და დიპლომატიური უწყება თავს არიდებს ყველა შიდაპოლიტიკურ დისკუსიაში ჩართვას.