თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი სომხეთისთვის სატვირთო გადაზიდვებისა და სავაჭრო კავშირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ფაშინიანის თქმით, ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობები სომხეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან, შემდეგ კი ყაზახეთის გავლით ჩინეთთან აკავშირებს, ხოლო საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით – ევროკავშირთან.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთსა და საქართველოს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

ანკარა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობს

თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა განაცხადა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყება რეგიონული თანამშრომლობის ახალი ეტაპია.

„ეს ნაბიჯი გააძლიერებს თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში“, — აღნიშნა მან.

კვლევები: „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს

სომხურ მედიაში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ საპარლამენტო არჩევნების წინ ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს.

კვლევის თანახმად, პარტიას მხარს გამოკითხულთა 32% უჭერს, ხოლო პირადად ფაშინიანის რეიტინგი 27%-ს აღწევს. ამასთან, რესპონდენტთა 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხვის მიხედვით, სომხეთის მოქალაქეთა 75% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

კრემლის ზეწოლა ფაშინიანზე

რუსეთი ღია ზეწოლას ახდენს სომხეთზე, რომ მან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი თქვას. საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთი სომხეთთან ვაჭრობას აფერხებს.

ამრიგად, სომხეთში არჩევნებზე მთავარი საკითხი რუსეთთან ურთიერთობებიც იქნება.

ექსპერტების აზრით, ფაშინიანს ხელს აძლევს მის მიმართ კრემლის მწვავე დამოკიდებულება, რადგან ეს გარემოება, საპასუხო ზომის სახით, ხელისუფლების ირგვლივ კონსოლიდაციის მოწოდების საშუალებას აძლევს.

სამშაბათს, 26 მაისს, ერევანს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეწვევა.