თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან ხარაბაძე, მოადგილეებთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმერეთსა და ზუგდიდს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელმა არსებული ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო თანამშრომელთა საქმიანობას. კოლეგებთან შეხვედრისას ძირითადი ყურადღება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს დაეთმო.

ლევან ხარაბაძემ, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ზუგდიდში საგამოძიებო სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესიც მოინახულა. უწყების ინფორმაციით, ახალი ობიექტი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რაც საგამოძიებო სამსახურის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასა და მუშაობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.