თბილისი (GBC) - ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს.
პირველი შეხვედრა ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა გახსნეს.
ცესკოს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებაც თუ განვითარების რა გზა გაიარა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესში და იმ პროექტებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. ისაუბრა დეზინფორმაციაზე როგორც საარჩევნო პროცესის გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე.
უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ როგორ აისახება საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაცია და რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლამდე სწორი ინფორმაციის მისატანად, ახალგაზრდებს ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ისაკაძემ კი მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობისა და არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში 3 აპრილს გამართულ შეხვედრას 70-მდე ახალგაზრდა დაესწრო.
ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.
(R)