თბილისი (GBC) - გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, განგაშის სისტემის აქტივაციის გამო, დროებით წყვეტს მუშაობას. ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყება იტყობინება, რომ დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემა გააქტიურდა, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

"უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე. აქვე განვმარტავთ, რომ "ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ადრეული შეტყობინების სიგნალის ხმა ისმის, კიდევ ერთ გავრცელებულ კადრში კი ფერდობიდან ქვა-ღორღის ჩამოშლის პროცესი ჩანს.