თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 5.9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 43.6%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.9 მილიონი შეადგინა, რაც 6.2%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც 7%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 80.6% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2025 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.3 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 11.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა:
- რუსეთის ფედერაციის (1.6 მილიონი)
- თურქეთისა (1.2 მილიონი)
- სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ
ვიზიტორების უმრავლესობა, 46.4%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 43%-ს შეადგენდა.
2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 50.3%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.8 მილიონი და 2.7 მილიონი ვიზიტი.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.6 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 1.6%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 78.4% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 15 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა და 2 187.3 ლარი შეადგინა.