თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.1%–ით (263.2 ლარით) გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2018-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით);
• მშენებლობა - 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525.0 ლარი (გაიზარდა 25.1 პროცენტით).
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2022-2023 წლების II კვარტალში.
2023 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების - 2 161.6 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 333.2 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სქესობრივ ჭრილში, 2018-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.
2023 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 289.0 ლარით (17.8%) გაიზარდა და 1 914.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 909.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 21.8 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 895.4 ლარი, გაიზარდა 26.5 პროცენტით) სექციებში ფიქსირდება. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2018-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.
2023 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 213.4 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1 610.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, 2018-2023 წლებში, კვარტალების მიხედვით.