თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანიდან მოლაპარაკებებისთვის დაუკავშირდნენ. „გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ აშშ-ის მხრიდან დარტყმებით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ ილონ მასკთან საუბარს გეგმავს.
ირანში დემონსტრაციები მე-15 დღეა, მიმდინარეობს.
აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ხელისუფლების მიერ ინტერნეტის და სატელეფონო ხაზების მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვამ გაართულა იმის გაგება, თუ რა ხდება ადგილზე, მათ შორის, მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის შედეგად დაღუპულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპისთვის უცნობია. თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი წყაროს მტკიცებით, დაღუპულ დემონსტრანტთა რაოდენობა 2 000–ს აჭარბებს.
დემონსტრაციები მიმდინარეობს ირანის საზღვრებს გარეთაც.