თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები არაკანონიერად ცნო და დაბლოკა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ მიიღო, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს განიხილავს.

სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიამ მიიჩნია, რომ სპეციალური ეკონომიკური უფლებამოსილებების კანონი, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფების დაწესების საფუძვლად გამოიყენა, მას არ აძლევს გადასახადების თითქმის მთელი მსოფლიოსთვის დაწესების უფლებას.

აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ კონგრესს აქვს უფლება დააწესოს ტარიფები.

კერძოდ, საქმე ეხება დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ 25%-იან გადასახადებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე, 20%-იანს ჩინეთიდან და ასევე, 10%-იან ტარიფს დანარჩენი ქვეყნიდან.

სასამართლომ ასევე გააუქმა „ორმხრივი“ ტარიფები 20%-დან 50%-მდე 60 ქვეყნის პროდუქციაზე, რომლებიც ძალაში უნდა შესულიყო 9 ივლისს.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში.

აშშ-ის პრეზიდენტმა 2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ ე.წ. საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, თუმცა, 9 აპრილს ტარიფების ამოქმედება 90 დღით გადაავადა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უნივერსალური 10%-იანი ტარიფები ძალაში დატოვა.