თბილისი (GBC) - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ 26 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ "საფრანგეთი მზადაა, გააღრმაოს ურთიერთობები სომხეთთან, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში".
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას სომხეთის განვითარებისა და მისი პოტენციალის გაძლიერების მიმართ.
ჟან-ნოელ ბარომ ასევე მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მომავალ წელს სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის მასპინძლობა.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდეს და გაძლიერდეს".
მხარეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი ერთობლივი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. შედგა მოსაზრებების გაცვლა რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სომხეთის მთავრობის ერთგულებას სამშვიდობო დღის წესრიგის მიმართ.
16 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდნენ.
აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, სამშვიდობო ხელშეკრულებასა და სხვა საკითხებზე.
ამასთან, სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები დასრულებულია. ერევანი მზადაა, ბაქოს ორი მთავარი მოთხოვნის შესასრულებლად – ეს არის ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა და უარის თქმა ტერიტორიულ პრეტენზიებზე, რასაც სომხეთის კონსტიტუცია მოიცავს. სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეც აკეთებს გათვლას, რასაც ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაც შეუწყობს ხელს.