თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების გაცემის ახალი წესები დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters წერს.
ახალი რეგულაციების თანახმად, სტუდენტური (F) და გაცვლითი პროგრამების (J) ვიზები მაქსიმუმ ოთხი წლის ვადით გაიცემა. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელებს ვიზის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა მოუწევთ, მაშინაც კი, თუ სწავლა ან კვლევითი პროგრამა ჯერ არ დასრულებულა.
ამასთან, დოქტორანტები ვეღარ შეძლებენ სასწავლო მიმართულების შეცვლას ან სხვა უნივერსიტეტში გადასვლას ხელისუფლების სპეციალური ნებართვის გარეშე. სწავლის დასრულების შემდეგ აშშ-ში დარჩენის საშეღავათო ვადა კი 60 დღიდან 30 დღემდე მცირდება.
უცხოელი ჟურნალისტებისთვის I კატეგორიის ვიზების მოქმედების ვადა მაქსიმუმ 240 დღე იქნება, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის – 90 დღე. ამის შემდეგ ვიზის გაგრძელება სავალდებულო გახდება.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში (DHS) აცხადებენ, რომ ცვლილებები ვიზების რეჟიმის კონტროლისა და ქვეყანაში მყოფი უცხოელების სტატუსის მონიტორინგს გაამარტივებს.
როგორც Reuters აღნიშნავს, ინიციატივა უნივერსიტეტების, ჟურნალისტური ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების კრიტიკის საგანი გახდა. მათი შეფასებით, დამატებითმა ბიუროკრატიულმა პროცედურებმა შესაძლოა აშშ უცხოელი სტუდენტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახადოს და უცხოური მედიის კორესპონდენტების საქმიანობაც გაართულოს.
სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წესები ჯერ ძალაში არ შესულა. დოკუმენტი კონგრესში განხილვას გაივლის და, თუ ამ პროცესში არ შეიცვალა ან გაუქმდა, ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ ამოქმედდება.
