თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის მიზანია, სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაძევება, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაცია, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება, აზერბაიჯანელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც აღდგენით–სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ და რეგიონში აზერბაიჯანის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.

ოპერაციის ფარგლებში მაღალი სიზუსტის იარაღით ნადგურდება მოწინააღმდეგის ზურგში არსებული საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები.

მანამდე, სამშაბათს დილით, აზერბაიჯანის შსს–ს 4 თანამშრომლის და 2 მუშის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამაში ოფიციალური ბაქო სომხურ ტერორისტულ ჯგუფებს ადანაშაულებს, რომლებიც რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოქმედებენ. სტეფანაკერტი დივერსიებთან კავშირს უარყოფს.