თბილისი (GBC) – თურქეთი ჩინეთთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა ატომური ელექტროსადგურის (აეს) მშენებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალპარსლან ბაირახტარმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს თვეებში დასრულდეს. აეს–ის მშენებლობის სავარაუდო ლოკაციად, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს, ბულგარეთთან და საბერძნეთთან არსებული საზღვრის მიმდებარედ განიხილება.

ეს თურქეთის მესამე აეს–ი იქნება: პირველს რუსეთი აშენებს ხმელთაშუა ზღვის ნაპირთან, მეორე შავი ზღვის სანაპიროზე განთავსდება და ის ჯერ დაგეგმვის პროცესშია.

ბაირახტარის თქმით, მეორე აეს–ის მშენებლობით რუსული როსატომი და სამხრეთკორეული კომპანიები არიან დაინტერესებული.