თბილისი (GBC) – თუ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი ხელფასი გასამმაგდება. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Forbes წერს.

„La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, კვარაცხელიამ კონტრაქტი შესაძლოა ზაფხულში გააგრძელოს. ვინაიდან ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, უახლოეს თვეებში დატოვებს კლუბს, პრეზიდენტი დე ლაურენტისმა იცის, რომ ვერ შეძლებს იგივე სატრანსფერო ფანჯარაში კიდევ ერთ ძვირფასს აქტივს დაემშვიდობოს და ამიტომ ახალ გარიგებაზე უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები. დღეისათვის ნაპოლში კვარაცხელიას წლიური ხელფასი $1,6 მილიონს შეადგენს და ეს შეიძლება $4,8 მილიონამდე გაიზარდოს, თუ კონტრაქტს გააგრძელებს“, – წერს Forbes.

კვარაცხელიას ნაპოლისთან 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია შეთანხმების კიდევ 1–2 წლით გახანგრძლივება.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლში 2022 წელს გადავიდა. კლუბში მან 61 მატჩი ითამაშა და ჯამში 22 გოლი გაიტანა.