თბილისი (GBC) – ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ხენკენდი–ხოჯალის გზაზე აზერბაიჯანულმა არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების მე–4 ბრიგადა გაანადგურა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ოფიციალური ერევანი კი აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკას ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს.

მედიის ცნობით, ყარაბაღში განადგურებულია სომხეთის ჯარის პოსტებიც.

ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანთან კონტაქტშია და შედეგების შესაბამისად განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

„ახლა ჩვენ კონტაქტები გვაქვს, მათ შორის აზერბაიჯანულ მხარესთან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, შემდგარი კონტაქტების შედეგებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით შესაბამის განცხადებას გავაკეთებ“, – თქვა ზახაროვამ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში სამშაბათს, 19 სექტემბერს, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შემდეგ განაცხადა, რომ მის არსენალში არსებული მაღალი სიზუსტის შეიარაღებით რეგიონში მოწინააღმდეგის მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს ანადგურებს და არ ეხება სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობას.

ამასთან, მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მდივანი რუბენ ვარდანიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „სტეფანაკერტზე მასირებული საარტილერიო იერიში მიმდინარეობს“.

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის მიზანია, სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაძევება, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაცია, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება, აზერბაიჯანელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც აღდგენით–სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ და რეგიონში აზერბაიჯანის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.

ოპერაციის ფარგლებში მაღალი სიზუსტის იარაღით ნადგურდება მოწინააღმდეგის ზურგში არსებული საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები.

მანამდე, სამშაბათს დილით, აზერბაიჯანის შსს–ს 4 თანამშრომლის და 2 მუშის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამაში ოფიციალური ბაქო სომხურ ტერორისტულ ჯგუფებს ადანაშაულებს, რომლებიც რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოქმედებენ. სტეფანაკერტი დივერსიებთან კავშირს უარყოფს.