თბილისი (GBC) – ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაპირისპირების შემდეგ მზადაა, კონგრესის არჩევნებზე რესპუბლიკელების „გასანადგურებლად“ და ფინანსურად დემოკრატების მხარდასაჭერად. ამის შესახებ NBC-ს მეწარმის ერთ–ერთმა მრჩეველმა უთხრა. 

„მას მიუფურთხებია რესპუბლიკლებისთვის, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტისთვის, ადგილებისთვის წარმომადგენელთა პალატაში და ასე შემდეგ. ის მათ გაანადგურებს. უკვე ვიცით, რომ წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები წააგებენ. სენატი, დიდი ალბათობით, მწყობრში დარჩება, მაგრამ ილონს მიუფურთხებია მთელი ამ პარტიული სისულელეებისთვის“, – თქვა მასკის მრჩეველმა.

რამდენიმე თვის წინ ილონ მასკი პირობას დებდა, რომ $100 მილიონს მოახმარს პოლიტიკურ მოღვაწეობას და ამ სახსრებს ტრამპთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს გადასცემდა. თუმცა, ეს ფული დღემდე არ ჩანს და NBC–ს წყაროს თქმით, არც გამოჩნდება. „აღარ არის“, – აღნიშნა მან. ახლა კი, როგორც NBC წერს, რესპუბლიკელი კონგრესმენები ფრთხილად უნდა იყვნენ ტრამპის „დიდი ლამაზი“ კანონპროექტის მხარდაჭერისას, რომელიც პრეზიდენტსა და მასკს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეს კანონპროექტი საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რამაც, ეკონომისტების შეფასებით, შესაძლოა აშშ–ის ბიუჯეტის დეფიციტი $600 მილიარდით გაზარდოს. ამ ინიციატივას მასკმა „ამაზრზენი გარყვნილება“ უწოდა.

5 ივნისს ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ ბიზნესმენს შეუძლია იგი გააკრიტიკოს, და არა კანონპროექტი. „მე და ილონს შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდა. არ მგონია მომავალშიც ასე გაგრძელდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტრამპთან დაპირისპირების ფონზე, Bloomberg–ის მონაცემებით, მასკის ქონება $34 მილიარდით შემცირდა. თუმცა, მეწარმე კვლავაც ინარჩუნებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს თავისი $335-მილიარდიანი ქონებით.