თბილისი (GBC) – მოლდოვის პრემიერი დორინ რეჩანი არ გამორიცხავს, რომ მოლდოველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებოდნენ ვიზიტით, პასუხისგებაში მისცემენ. ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ „მათ ყველაფერი სწორად გაიგეს“. „სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებისთვის“, – დასძინა რეჩანმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მოლდოვის ხელისუფლებამ უკვე მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ბერკეტები გააჩნია.

„გავაგრძელებთ იმ პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც მოლდოვის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრიან. ვიმეორებ: ჩემი და საზოგადოების მოლოდინია, რომ ყველა, ვინც სახელმწიფოს, მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობს, პასუხისგებაში უნდა მიეცეს“, – განაცხადა რეჩანმა.

მოლდოვის სამხრეთ ნაწილში მდებარე გაგაუზიის ავტონომიური ოლქის ლიდერი ევგენია გუცული გასულ კვირაში რუსეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა გაგაუზიელებისთვის ანგარიშები გაეხსნათ, რუსეთიდან ფინანსური დახმარების მისაღებად. მისივე თქმით, რუსეთის რამდენიმე რეგიონს ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც შეუთანხმდა.

გუცულმა ისიც თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას გაგაუზიისთვის ბუნებრივი გაზის პირდაპირი გზით მიწოდებაც სთხოვა.