თბილისი (GBC) – რუსეთის მესაზღვრეები სომხეთის „ზვარტნოცის“ აეროპორტიდან 1–ელ აგვისტომდე გავლენ და ეს სამუშაო პროცესია, და არა პოლიტიკური, განაცხადა სამშაბათს გამართულ პრეს–კონფერენციაზე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„რუსი მესაზღვრეებისადმი გაკეთებული გზავნილი უპირველესად მადლობის წერილია. ამ წერილში მითითებულია თარიღი – 2024 წლის 1–ლი აგვისტო. სწორედ ამ დღიდან შეწყვეტენ თავის საქმიანობას რუსი მესაზღვრეები ზვარტნოცის აეროპორტში. ეს სამუშაო პროცესია, და არა პოლიტიკური“, – თქვა პრემიერმა.

მანამდე, სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ სომხეთისგან მიიღო შეტყობინება, ზვარტნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ერევანთან კონტაქტზე არიან.

რუსული მხარისთვის გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ სომხეთის სასაზღვრო სამსახურს რუსეთის მხარდაჭერის გარეშე შეუძლია ერევნის აეროპორტში საქმიანობა.