თბილისი (GBC) – გარემოზე ზემოქმედების შემცირება, თანასწორობის გამყარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა და კორუფციასთან ბრძოლა – ეს ის პირობებია, რომლებიც სომხეთმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან 92,3 მლნ ევროს კრედიტის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს. ეს ფული ერევანს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფარად სჭირდება. 

კრედიტი 19–წლიანი იქნება, 5–წლიანი საშეღავათო პერიოდით.

კრედიტის მომსახურების გადახდები წელიწადში ორჯერ – 15 ივნისს და 15 დეკემბერს უნდა განხორციელდეს. გადახდები 2028 წლის 15 ივნისს დაიწყება და კრედიტი საბოლოოდ 2041 წლის 15 დეკემბერს უნდა დაიფაროს.