თბილისი (GBC) – სომხეთს თავდაცვის სფეროში ინდოეთთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადაჰყავს. ერევანს ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯეშ კუმარ სინგჰი ეწვია, რომელმაც შეხვედრები გამართა სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან, გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან და მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრთან.

მხარეებმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. ასევე გაფორმდა დოკუმენტი, რომელიც ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმატს განსაზღვრავს. პარალელურად, გაფორმდა მემორანდუმი თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი კვლევების, ინოვაციებისა და წარმოების შესახებ.

ინდოეთი სომხეთისთვის რუსეთის ალტერნატივა ხდება

ბოლო წლებამდე სომხეთის უსაფრთხოების სფეროში მთავარი პარტნიორი რუსეთი იყო. SIPRI-ის მონაცემებით, 2011-2020 წლებში სომხეთის მიერ შეძენილი სამხედრო პროდუქციის 94% რუსეთიდან მოდიოდა.

ვითარება განსაკუთრებით შეიცვალა 2020 და 2023 წლების მოვლენების შემდეგ, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანთან კონფლიქტში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და ყარაბაღზე კონტროლი დაკარგა. ამის ფონზე ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. სომხეთმა შეაჩერა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო), ხოლო რუსეთის წილი სომხეთის შეიარაღების იმპორტში 10%-მდე შემცირდა.

ამავე პერიოდში ინდოეთი სომხეთის ერთ-ერთ მთავარ ახალ სამხედრო პარტნიორად ჩამოყალიბდა. SIPRI-ის მონაცემებით, 2022-2024 წლებში ინდოეთის წილი სომხეთის შეიარაღების იმპორტში უკვე 43% გახდა, მაშინ როდესაც მანამდე ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო.

სომხეთმა ინდოეთთან რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. მათ შორის, 2020 წელს – $40 მილიონის შეთანხმება ოთხი Swathi-ის რადიოლოკაციური სისტემის შესყიდვაზე. 2022 წელს ერევანი გახდა ინდოეთის Akash-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველი უცხოელი მყიდველი — 15 კომპლექსის შესყიდვაზე $720 მილიონიანი კონტრაქტით.

მხარეებმა ასევე შეათანხმეს Pinaka-ს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, მათ შორის გამშვები დანადგარებისა და რაკეტების, შესყიდვა. ინდური მედიის ცნობით, სომხეთმა ასევე შეიძინა ATAGS-ის საარტილერიო სისტემები $155.5 მილიონად.

სტატიის მიხედვით, 2020 წლიდან სომხეთის მიერ ინდოეთიდან შეიარაღების შესყიდვების საერთო მოცულობა დაახლოებით $2 მილიარდს შეადგენს.

თანამშრომლობა მხოლოდ იარაღის შესყიდვებს აღარ მოიცავს

ინდოეთის თავდაცვის მინისტრის ერევანში ვიზიტი აჩვენებს, რომ თანამშრომლობა მხოლოდ შეიარაღებით ვაჭრობის ფარგლებს სცდება. მხარეები საუბრობენ გენშტაბების დონეზე კოორდინაციაზე, სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაზე, ერთობლივ კვლევებსა და თავდაცვის ინდუსტრიის პროექტებზე.

ინდოეთისთვის სომხეთთან ურთიერთობის გაღრმავებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორისაა ინდოეთის შეშფოთება პაკისტანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობით. ამასთან, ნიუ-დელი დაინტერესებულია სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებით, მათ შორის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ საერთაშორისო დერეფნით, რომელიც ინდოეთს ირანისა და რუსეთის მიმართულებებთან აკავშირებს.

სომხეთ-ინდოეთის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთისთვის, რადგან ერევანი თავდაცვის სფეროში მოსკოვზე დამოკიდებულებას ამცირებს და ინდოეთის სახით ახალ სტრატეგიულ პარტნიორს იძენს.

პოლიტოლოგ არტურ ატაევის შეფასებით, ინდოეთი სომხეთისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება. მისი თქმით, თუ ადრე სომხეთი შეიარაღების თითქმის 100%-ს რუსეთისგან ყიდულობდა, დღეს ინდოეთის წილი დაახლოებით 45%-ს შეადგენს. ექსპერტის განცხადებით, მიმდინარე ვიზიტი მიუთითებს, რომ თანამშრომლობა უკვე არა მხოლოდ ახალი შეიარაღების შესყიდვას, არამედ გენშტაბების დონეზე ურთიერთობასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც მოიცავს.

ამასთან, სამხედრო ექსპერტები ინდოეთის მიერ რუსეთის სრული ჩანაცვლების შესაძლებლობას სკეპტიკურად აფასებენ და მიუთითებენ როგორც გეოგრაფიულ დისტანციაზე, ისე ინდური თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებსა და სომხეთის რთულ, მაღალმთიან პირობებში სხვადასხვა სისტემის გამოყენების საკითხებზე.