თბილისი (GBC) – პოლიტიკური მოძრაობა „ერთად“ 13 მარტს ერევანში მიტინგს გამართავს. ამის შესახებ მოძრაობის წევრმა, სომხეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა 11 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიტინგი თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

ბაგრატიანმა განაცხადა, რომ მოძრაობის წევრებმა ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ქვეყნის რეგიონებში. იგი დარწმუნებულია, რომ „სომხეთში ხელისუფლების შეცვლა მომწიფებულია“. მან მოქალაქეებს მოუწოდა, გახდნენ ამ პროცესის ნაწილი. „ჩვენ თანდათანობით გამოგვყავს მოქალაქეები საბრძოლველად. ხალხი უნდა შემოგვიერთდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეტყვით მას (პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს): „რა ხალხის მხარდაჭერა გაქვს, როდესაც ხალხი აქ დგას?“, – განაცხადა სომხეთის ყოფილმა პრემიერმა.

მისივე თქმით, „ნიკოლ ფაშინიანს ხელისუფლება უზურპირებული აქვს“.

„ჩვენ თანამშრომლობისთვის ღია ვართ ყველა ოპოზიციურ ძალასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მძლავრი ერთობა შედგება“, – აღნიშნა გრანტ ბაგრატიანმა.