თბილისი (GBC) – თურქეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ ინფლაციის ზრდა აღიარა. თურქსტატის მონაცემებით, მარტში ფასები, წინა თვესთან შედარებით, 3,16%–ით გაიზარდა, ხოლო წლიურ გამოსახულებაში 68,5% შეადგინა.

თურქულ მედიასთან დამოუკიდებელი ეკონომისტები ამბობენ, რომ რეალური ინფლაცია გაცილებით მაღალია და წლიურ გამოსახულებაში 124,63%–ს უდრის. მათი დაანგარიშებით, ამ მაჩვენებელმა თებერვალში 121,98% შეადგინა.

„ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, მარტში თვიური ინფლაცია შენელდა. ფულად–საკრედიტო პოლიტიკის დამატებით გამკაცრებას თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოთხოვნის ბალანსის აღდგენაში და მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამყარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმეტ შიმშეკმა.

მან პირობა დადო, რომ მინისტრთა კაბინეტი ყველაფერს გააკეთებს ფასების სტაბილურობის მისაღწევად.