თბილისი (GBC) - არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს - მათ შორის, ფინტექ კომპანიებს - ღია ბანკინგში ჩართვის შესაძლებლობა 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ექნებათ. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით არასაბანკო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
 

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ღია ბანკინგში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა და შეკითხვებს უპასუხა. "ჩვენ შევხვდით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გავუზიარეთ ღია ბანკინგის გამოყენების რამდენიმე კონკრეტული მაგალითი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია ამ პრეზენტაციამ. შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქციული, დაისვა კარგი, პრაგმატული კითხვები და მაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში დავინახავთ ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს რაც ღია ბანკინგზე დაფუძნებით შეიქმნება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზებენ", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ. 

ამასთან, სებ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, სადაზღვევო კომპანიებისა და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ ვრცლად ისაუბრეს ღია ბანკინგში არასაბანკო ორგანიზაციების ჩართვასთან და მიმდინარე ეტაპზე არსებულ შესაძლებლობებთან, ასევე ღია ბანკინგის შემდგომ გაფართოებასა და ღია ფინანსების განვითარებასთან დაკავშირებით.

ღია ბანკინგში ჩართვით არასაბანკო ინსტიტუტებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში ჰქონდეთ წვდომა ისეთ ინფორმაციასთან, რომელიც ინახება საბანკო ინსტიტუტებში და რომელთა გამოყენებითაც ექნებათ შესაძლებლობა მომხმარებელს შესთავაზონ ინოვაციური მომსახურებები. შესაბამისად, აღნიშნულმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის და საბანკო მომსახურებების მრავალფეროვნების გაზრდას.

ეროვნული ბანკი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას შემდგომი კონსულტაციებისა და დახმარებისთვის, ინოვაციების ოფისისა და რეგულაციების სენდბოქსის გავლით.