თბილისი (GBC) – საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესი იყო საუბრის მთავარი თემა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შორის ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე.

„აღინიშნა, რომ საქართველო მოწინავეა ასოცირების „ტრიოს“ ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამასთან, ის, რომ საქართველომ მიიღო „ევროპული პერსპექტივა“, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„დელეგაციის წევრების მიერ აღინიშნა, რომ ამ ვალდებულებების წარმატებით და დროში სწრაფად შესრულების შემთხვევაში, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გაგრძელდება საქართველოს ევროპის კავშირში სწრაფი ინტეგრაცია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და რომეო მიქაუტაძემ.