მიუხედავად იმისა, რომ 2017-2019 წლებში უმუშევრობა საქართველოში 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, უმუშევრობა ახალგაზრდებში სტაბილურად იზრდებოდა. ასევე, წინა წლებთან შედარებით, ახალგაზრდებში (15-24 წლის კატეგორია) უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს (+11 პპ) და 2021 წელს (+4 პპ). 

„ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის სწრაფი ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები არ არიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრები, რაც მათ შედარებით დაუცველს ხდის პანდემიასა და მის გამო გამოწვეული რეგულაციების მიმართ. ამასთანავე, ახალგაზრდები, ზრდასრულებთან შედარებით, როგორც წესი, უფრო ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილებს. ეს, შესაძლოა, დამატებითი მიზეზი იყოს ახალგაზრდების უმუშევრობის შედარებით მაღალი დონისა“, - განმარტავენ PMC კვლევით ცენტრში.

გაანალიზებულ პერიოდში უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად შემცირდა შრომის ბაზარზე აქტიური ახალგაზრდების რაოდენობაც. უფრო კონკრეტულად, ეს მაჩვენებელი 2017 წელს იყო 207,312, ხოლო 2021 წელს - 129,718 (შემცირდა 37.4%-ით). გარდა ამისა, ახალგაზრდების დასაქმების დონე 2021 წელს 18%-ამდე შემცირდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 18 პპ-ით ჩამოუვარდება. შეიძლება ითქვას, რომ 2017-2019 წლებში ახალგაზრდების შრომის ბაზრის მაჩვენებლები უარესდებოდა, ხოლო, 2020-2021 წლებში COVID-19 პანდემია მაჩვენებლების გაუარესების დამატებითი ფაქტორი გახდა.

გასულ წელს საქართველოში ახალგაზრდების 5.7% ერთდროულად მუშაობდა და სწავლობდა; 13.8% მუშაობდა თუმცა არ სწავლობდა; 53.7% არ მუშაობდა და სწავლობდა ხოლო 26.8% არც მუშაობდა და არც სწავლობდა.

„გაანალიზებულ პერიოდში, მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება იმ ახალგაზრდების კატეგორიაში, რომლებიც მუშაობენ და არ სწავლობენ - ამ კატეგორიის წილი 2021 წელს 13.8% იყო, რაც 2017 წელთან შედარებით, 9.4 პპ-ით დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 2017-2021 წლებში, საკუთარი არჩევანით თუ საჭიროებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებისთვის მუშაობაზე პრიორიტეტული სწავლა იყო“, - განმარტავენ PMCG-ში.