თბილისი (GBC) – ქართველმა და ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისურ საფეხბურთო კლუბ Wycombe Wanderers F.C.-ში საკუთარი წილის ნაწილი გაყიდა. გარიგების შედეგად ლომთაძის წილი 90%-დან 80%-მდე შემცირდა, თუმცა ის კლუბის მაჟორიტარ მფლობელად რჩება.

10%-იანი წილის მყიდველი კლუბის თავმჯდომარე და დირექტორი დენ რაისი გახდა. მან აქციები კომპანია Feliciana EFL Limited-ისგან შეიძინა, რომელიც ლომთაძის კონტროლს ექვემდებარება.

გარიგება კლუბის დირექტორთა საბჭომ და შესაბამისმა საფეხბურთო მარეგულირებელმა ორგანოებმა უკვე დაამტკიცეს.

ტრანზაქციის შემდეგ კლუბის საკუთრების სტრუქტურა ასე გამოიყურება:

  • Feliciana EFL Limited – 80%;
  • Wycombe Wanderers Supporters Trust (გულშემატკივართა ტრასტი) – 10%;
  • დენ რაისი – 10%.

მიხეილ ლომთაძე Wycombe Wanderers-ის მაჟორიტარი მფლობელი 2024 წლის მაისში გახდა. მაშინ კლუბის 90%-იანი წილის მფლობელი კომპანია Feliciana EFL Ltd ლომთაძის კუთვნილ Blue Ocean Partners II Limited-ის კონტროლქვეშ გადავიდა. იმავე პერიოდში ლომთაძე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახდა.

მიხეილ ლომთაძე ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელია და Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2026 წელს ის Forbes-ის მონაცემებით საქართველოს უმდიდრეს ბიზნესმენად დასახელდა. ლომთაძე ასევე შედიოდა Forbes Kazakhstan-ის მიერ შედგენილ ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესმენს შორის და ბოლო რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებდა.