თბილისი (GBC) – ორშაბათს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით. ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.

კერძოდ, თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, პირველი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ.

დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო ტარიფები ასეთია:

თბილისი – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 15.041 თეთრი

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 19.053 თეთრი

301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.537 თეთრი

რეგიონები – 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრციხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 14.731 თეთრი

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 18.708 თეთრი

31 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.227 თეთრი

ელექტროენერგიის ტარიფების შესაძლო მატების შესახებ განცხადება სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჯერ კიდევ 2025 წლის 17 დეკემბერს გააკეთა. თუმცა, იმავე წლის 29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და არსებული ტარიფების მოქმედების ვადა 3 თვით, 2026 წლის 31 მარტამდე გაახანგრძლივა.

დავით ნარმანიას განმარტებით, ტარიფის ცვლილების გადავადება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა:

  • ენერგოკომპანიების მიმართვა
  • ელექტროენერგიის დაუზუსტებელი ბალანსები
  • კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სემეკის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ რესურსზე მოქმედი ტარიფი უცვლელი დარჩება ერთი წლის განმავლობაში და ძალაში 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.