თბილისი (GBC) –  თბილისისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) ორშაბათის სხდომაზე განაცხადა.

სემეკის გადაწყვეტილების თანახმად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.

მანამდე, ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა 2025 წლის დეკემბერში იგეგმებოდა. დავით ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა მოსალოდნელ გაძვირებას ინფრასტრუქტურული საჭიროებების გამო, თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც ტარიფის შენარჩუნების იმედი გამოთქვა, კომისიამ 29 დეკემბერს მოქმედი ტარიფების 3 თვით დაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ელექტროენერგიის ტარიფები ბოლოს 2023 წელს შეიცვალა, როდესაც სემეკმა გადასახადი ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის 3 თეთრით შეამცირა.