თბილისი (GBC) –კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ოთხშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება.

კობახიძის თქმით, „კომპანიებს განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც“.

„ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის, კონკრეტული დათქმით, დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია“, – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი.