თბილისი (GBC) – თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ყოველკვირეულ განახლებაში წერს, რომ მარტში ეკონომიკის ზრდამ მისსავე საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა და 8,2% შეადგინა. მისივე თქმით, მარტში საქართველოს ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა, რასაც ადასტურებს სების მიერ ამ პერიოდში $128 მლნ–ის შესყიდვა. 

„მართალია ჯერჯერობით აპრილის მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ლარის ბოლოდროინდელი სტაბილურობა სავალუტო რეზერვების გაყიდვის შედეგი არაა. ამ მხრივ არგუმენტია, რომ როგორც წესი, ინტერვენციები გაცვლითი კურსის ზედმეტი მერყეობის შერბილებას ემსახურება და არა მისი მიმართულების განსაზღვრას. უფრო მეტიც, თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში მიგრაციის ეფექტისა და ასევე ტრადიციული ტურიზმის საკმაოდ ძლიერი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, არ ჩანს დეპოზიტების ლარიდან ვალუტაში გადადინების რამდენადმე მაინც გამოკვეთილი ტენდენცია, რაც ხშირად, ე.წ. სენტიმენტების გაუარესებისას, თვალსაჩინოა ხოლმე. ამავდროულად, აპრილში მცირედით იკლო ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილმა.

ამ ეტაპზე, სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ბოლოდროინდელ მოლოდინებთან შესაბამისობაშია. კერძოდ, მარტის საკრედიტო აქტივობა უფრო მაღალი ბიზნეს მიმართულებით იყო. ასევე, გარკვეულწილად გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები, თუმცა, მთლიანობაში ყოველთვიური დინამიკა 3%-იან სამიზნესთან ახლოა, წლიური ინფლაცია კი აპრილის მდგომარეობით 1.5%-ს შეადგენს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.