თბილისი (GBC) – საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის (საერთო წონით 341 გრამამდე ოქროსა და 63 გრამი ვერცხლის) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93,364.35 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი საქართველოსა და უცხოეთის ორი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 25 761 ლარით დაჯარიმდა.