თბილისი (GBC) – ჩინეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა, ფრენების სიხშირე გაიზარდოს და ახალი ავიამიმართულებები დაემატოს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე ხან ძუნი ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ახალი ავიამიმართულებების დამატების შესაძლებლობა.
ეკონომიკის მინისტრის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია, სადაც ზრდადია როგორც ფრენების სიხშირე, ასევე მგზავრთნაკადი.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთთან ურთიერთობის მეტი გაღრმავებით სამოქალაქო ავიაციის სექტორში. როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან გამოხატულია მზარდი ინტერესი საქართველოსა და ჩინეთის საავიაციო ბაზრების ათვისების და ოპერირების გაფართოების კუთხით. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 57 184 მგზავრი, რაც 2023 წელთან შედარებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29 212 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91%-ით მეტია.
ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ახორციელებენ China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ჯამში, სამგზავრო ფრენები კვირაში 10 სიხშირით ხორციელდება.