თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის შეფასებით, 2025 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები მცირედით გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე და 2025 წლის წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლებს შესაბამისად 6.4%-ით და 11.8%-ით გადააჭარბა. ამასთან, ფასებმა ორივე ბაზარზე მცირედით იკლო, რამაც მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი მაისში შემცირდა, რამაც 2025 წლის 5 თვის ჯამური მაჩვენებლის მცირედი კლება გამოიწვია. 

მოთხოვნა

2025 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,325 შეადგინა, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 5 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა შემცირებული.

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.2%-ით გაიზარდა.

გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგებიც (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მეორადი ბაზრის მსგავს სურათს აჩვენებს. 2025 წლის მაისში გაყიდვები პირველად ბაზარზე 6.4%-ით გაიზარდა 2025 წლის 4 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.

2025 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 15,865 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+2.6% წ/წ).

მიწოდება

2025 წლის მაისში ნებართვა გაიცა 25 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 202,697 მ 2 -ს შეადგენდა (-18.3% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 1.1%-ით შემცირდა.

ფასები

2025 წლის მაისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით შემცირდა და 1,331 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა და 1,253 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა

მაისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ 2 ) ქირის ფასი თვეში მცირედით, 2.0%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.3 აშშ დოლარი შეადგინა.

ივნისში გალტ & თაგარტმა ჩაატარა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს).

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:

• 2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ამასთან, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.

• პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.

• 2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა.