თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, 12.2%-ით გაიზარდა. მათ შორის, გარეუბნებში 7.6%-ით, ხოლო ფართო ცენტრში 19.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასის 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი 5.7%-ით გაიზარდა.
2025 წლის აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 1.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 20.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ცენტრში თვის ჭრილში ცოტა რაოდენობის ტრანზაქცია რეგისტრირდება, რის გამოც საშუალო შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად იცვლება.
2025 წლის აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა. ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა კი 15.3%-ით შემცირდა.
recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,889 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 8.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 0.7%-ით, 225 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
recov.ge აღნიშნავს, რომ ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები.