თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკმა 3 ბანკთან - კრედო, ბაზისბანკი, პროკრედიტ ბანკი მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური მეთოდის დანერგვისთვის მემორანდუმი გააფორმა. სერვისი მომხმარებლებისთვის სულ მალე გახდება ხელმისაწვდომი.
საქართველოს ბანკის ცნობით, მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური მეთოდი საქართველოში პირველად ინერგება და ფიზიკურ პირს მიეცემა შესაძლებლობა, თანხა ჩამოთვლილ ქართულ ბანკებს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხოს.
ტრანზაქცია მიმღების ანგარიშზე მომენტალურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აისახება. საგულისხმოა, რომ თანხის გადარიცხვა როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარშია შესაძლებელი. ეროვნულ ვალუტაში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი იმოქმედებს. მომხმარებლები შეძლებენ დღის განმავლობაში გადარიცხვას, შეუზღუდავი სიხშირით.
„აღნიშნული სიახლე სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი მეშვეობით პარტნიორ ბანკებთან ერთად მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, მარტივად შეასრულონ გადარიცხვები და თანხა სასურველ დროს მიიღონ. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში საქართველოს ბანკთან ერთად სამი ბანკი ჩაერთო, რითაც ჯამში ასეულობით ათას მომხმარებელს უფრო სწრაფი და ეფექტიანი საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობ, ეს ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს ამ სიახლით, საჭიროა სხვა ბანკებიც ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენ ამ სიახლით არ ვჩერდებით და მომავალში ამ მიმართულებით არაერთ სიახლეს შევთავაზებთ როგორც ფინანსურ სექტორს, ისე ჩვენს მომხმარებლებს“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.