თბილისი (GBC) - სებსტატის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის ₾65.71 მლრდ შეადგინა, რაც ₾131.5 მლნ-ით, 0.2%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 13.88% შეადგინა.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა ₾224.67 მლნ-ით, ანუ 0.72%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.91%-ით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები ₾93.17 მლნ-ით, ანუ 0.27%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.00%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 52.09% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.87 პ.პ.-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.75 პ.პ.-ით).
სების მონაცემებით, ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.82% შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.98%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.43%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა.