თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალი" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმად 2025 წლის ნოემბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე სულ 3 627 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 2%-იანი ზრდაა. 2025 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში აჩვენებს 3%-იან ზრდას.
2025 წლის ნოემბერში, "თიბისი კაპიტალის" ანალიზით, გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,342-ს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით -0.4%-ით შემცირდა.
ამავე თვეში, ბაზრის მოცულობამ $316 მილიონი შეადგინა (+5% წ/წ).
2025 წლის ნოემბერში, გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე $10.1-ს გაუტოლდა და გასული წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით შემცირდა.
ამონაგებს რაც შეეხება, "თიბისი კაპიტალი" წერს, რომ მაჩვენებელი 8.3%-ს გაუტოლდა და 2024 წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.4 პ.პ.-ით შემცირდა.

2025 წლის ნოემბერში, თბილისში, ახალი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 35%-ით შემცირდა და 553-ს გაუტოლდა. ძველი გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,074 შეადგინა, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა. ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში 15%-ს გაუტოლდა.
"თიბისი კაპიტალი" წერს იმასაც, რომ 2025 წლის ნოემბერში, გაყიდული ბინების უდიდესი წილი, კვლავ 50-დან 75 კვ.მ.-მდე ფართობის მქონე ბინებმა დაიკავა. მათი წილი გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 5 პ.პ.-ით გაიზარდა და მთლიანი გაყიდვების 47%-ს გაუტოლდა, რაც შეეხება 75-დან 125 კვ.მ.-მდე ბინებს, წილი წლიურად 2 პ.პ.-ით, 19%-მდე შემცირდა.
125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინებმა ჯამური გაყიდვების ყველაზე მცირე, 4%-იანი წილი დაიკავა.
ამასთან, 2025 წლის ნოემბერში, კვადრატულ მეტრზე $1,200-1,500-ის საფასო კატეგორიის ბინებმა გაყიდული ბინების უდიდესი წილი დაიკავა, ხოლო 2024 ნოემბერში ყველაზე დიდ წილს კვადრატულ მეტრზე $900-1,200-ის საფასო კატეგორიის ბინები იკავებდა. უფრო მაღალ საფასო კატეგორიებს, $1,500-1,800 და $1,800-ის საფასო წილები. წლიურ ჭრილში შესაბამისად 3 და 4 პ.პ.-ით გაიზარდა.

"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, 2025 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ტრანზაქცია კვლავ დიდ დიღომში დაფიქსირდა. გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით სამგორში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა (45%, წ/წ), დაფიქსირდა, რომელსაც მოჰყვებოდა კრწანისი (42%, წ/წ). ყველაზე პატარა წლიური ზრდა ფიქსირდება ჩუღურეთში.
ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი მთაწმინდისა და ვაკეშია. საშუალო გასაყიდ ფასში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა ნაძალადევში დაფიქსირდა (+11%, წ/წ).
