თბილისი (GBC) - ,,მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებით საქართველოს რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის.

ეს არ არის მხოლოდ რკინიგზის ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების და მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.“ - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

ლაშა აბაშიძემ ეკონომიკის მინისტრთან ერთად, მოდერნიზაციის პროექტი ოფიციალურად გახსნა. საქართველოს რკინიგზას უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა აქვს. რეგიონში ყველაზე დიდი 8 300 მ სიგრძის გვირაბი, ხიდები, სადგურები, ქვესადგურები, ახალი ლიანდაგი, უსაფრთხოების, სიგნალიზაციის და ცენტრალიციის თანამედროვე სისტემები - ეს პროექტის ფარგლებში გაკეთებული სამუშაოების არასრული ჩამონათვალია.

საქართველოს რკინიგზის (GR) სამგზავრო და სატვირთო მატარებლები დღეიდან ახალ გზაზე იმოძრავებს. მასშტაბური პროექტის ამოქმედებით მატარებლების მსვლელობის დრო შემცირდება, რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტ-დან 48 მლნ ტ-მდე გაიზრდება, ასევე შემცირდება საექსპლუატაციო ხარჯები. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია.