თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს $10.4 მლნ-ის ღირებულების გრანტს გამოუყოფს.

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი გრანტების მოწონების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებას 22 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

„1. „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №o238 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გრანტების (PB-B-WFK, DT-B-WAZ, PB-B-WFJ, DT-BWBC და DT-B-WBA) ფარგლებში საქონლის (საერთო ღირებულებით – 10, 431, 459.90 აშშ დოლარი) გადმოცემის შესახებ.

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მხოლოდ ₾1.89 მლრდ იქნება ($700 მლნ).

რეგიონში თავდაცვის ხარჯებით ლიდერი აზერბაიჯანია: 2026 წელს აზერბაიჯანი თავდაცვაზე 8.7 მილიარდ მანათს ($5.1 მილიარდი) დახარჯავს.
  
სომხეთის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი თავდაცვის ხარჯების თითქმის 16%-ით, 560 მილიარდ დრამამდე ($1.46 მილიარდი) შემცირებას ითვალისწინებს. ამის მიზეზად აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესი და 2020 წლის ომის შემდეგ სამხედრო მარაგების შევსების დასრულება დასახელდა.