თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  ფაიგ გულიევთან სამუშაო შეხვედრაზე ოთხშაბათს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის,  მზარდი ტვირთბრუნვის პირობებში, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრა და ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილა.  

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. 

უწყების ცნობით, მხარეებმა გამოხატეს სრული მზაობა, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ კოორდინირებული მუშაობა.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე ხაზი გაესვა ახალი ერთობლივი სასაზღვრო გამშვები პუნქტის - „აბრეშუმის გზა - იპეკ იოლუს“ მშენებლობის მნიშვნელობას, რაც რეგიონში სატრანზიტო პოტენციალის  განვითარების წინაპირობა იქნება.