თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 22.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 24%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე 20.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც recov.ge-ის აზრით, შეიძლება იმით აიხსნას, რომ ფართო ცენტრში შედარებით ნაკლები ტრანზაქცია დაფიქსირდა და, ასევე, მეორეულ ბაზარზე გამოვიდა ახალდასრულებული ძვირიანი პროექტები.

ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.3% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10.1%-ით გაიზარდა.

recov.ge-ის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 18.4%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - 2.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდა მოხდა ძირითადად ჩუღურეთისა და ისნის ხარჯზე, ფასის ზრდაზე გავლენა იქონია, რამდენიმე ტრანზაქციამ, ერთ კონკრეტულ პროექტში, რომელთა გარეშეც ფართო ცენტრში საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 8.8% შეადგინა.

2025 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,773 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 2.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 12%-ით, 299 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

ამასთან, 2025 წლის ნოემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 9.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა ძველ პროექტებში.