თბილისი (GBC) - TBC Uzbekistan-მა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ციფრული ბანკია და TBC Bank Group PLC-ის ნაწილია, წარმატებით განათავსა ადგილობრივ ვალუტაში (სუმში) დენომინირებული ორწლიანი ობლიგაციები, ჯამური მოცულობით 49.6 მლრდ სუმი (დაახლოებით $4.1 მლნ), კუპონის 19%-იანი განაკვეთით.
გარიგების კონსულტანტი TBC Capital, ხოლო განთავსების აგენტი - ტაშკენტში დაფუძნებული საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია ALKES-ია.
ბანკის განცხადებით, ობლიგაციების განთავსება ეროვნულ ვალუტაში წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ეს გამოშვება აფართოებს დაფინანსების შესაძლებლობებს უზბეკი ემიტენტებისთვის და საერთაშორისო ინვესტორებს აძლევს წვდომას ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ წამყვან ბაზარზე.
TBC-ის განცხადებითვე, ტრანზაქცია ასევე აძლიერებს TBC Capital-ის პოზიციებს, როგორც პირველი საერთაშორისო საინვესტიციო შუამავალი, რომელიც ტაშკენტის საფონდო ბირჟასთან მუშაობს.
„ობლიგაციების წარმატებით განთავსება ეროვნულ ვალუტაში კიდევ ერთი ნაბიჯია უზბეკეთში TBC Bank-ის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით. ეს გარიგება აჩვენებს ქვეყნის მზარდ მიმზიდველობას ინვესტორებისთვის და ჩვენს მხარდაჭერას ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროცესში“, - აცხადებს ნიკა ქურდიანი TBC Uzbekistan-ის CEO.
ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო საინვესტიციო ნაკადების სტაბილურ ზრდას უზბეკეთში და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ემიტენტებსა და ინვესტორებს ფინანსური ბაზრის შემდგომი განვითარების პროცესში, - აცხადებს ოთარ შარიქაძე TBC Capital-ის CEO.
შეგახსენებთ, TBC Uzbekistan-მა სუმში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები მიმდინარე წლის 28 თებერვალსაც გამოუშვა, 128 მლრდ სუმის ოდენობით, 2 წლიანი ვადიანობითა და 24%-იანი განაკვეთით. მაშინდელ განთავსებაში მონაწილეობა მიიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების და აზერბაიჯანის მთავრობებთან დაკავშირებულმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა. ობლიგაციების 70% შეიძინა Abu Dhabi Uzbek Investment-მა, ხოლო დარჩენილი 30% - აზერბაიჯან-უზბეკეთის საინვესტიციო კომპანიამ.