თბილისი (GBC) – თამარ კალანდაძის და ჟულიენ პებრელის ფილმმა “ქართლის ცხოვრება“ საერთაშორისო კონკურსის სექციაში საუკეთესო რეჟისორის პრიზი აიღო. საერთო საცხოვრებელი, სადაც ფილმი არის გადაღებული, 33 წელია, აფხაზეთიდან დევნილების ნავსაყუდლად იქცა. ფილმი იტევს არქივებს, სანატორიუმში მცხოვრები დევნილი ადამიანების წარსულს, რომელიც სწორედ ამ ფილმის მეშვეობით კედლებს გასცდა.
1993 წლის 27 სექტემბერი – დღე, რომლის შემდეგაც მუდმივად ისმის კითხვა, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ცხოვრების დატოვება აიძულეს. არსებობს ფოტო-ვიდეო მასალები, სტატისტიკები, მონაცემები აღწერილი საარსებო პირობებისა და ცნობები იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარებას იღებს ეს ხალხი, მაგრამ თითქმის შეუძლებელია აღწერო ის მოგონებები და შეგრძნებები, რასაც 33 წელია დანგრეული კედლები ინახავენ. აივანზე არსებულმა კედლებმა წლების განმავლობაში ბევრი თაობის მოგონებები შემოინახა წარწერების სახით, რომელთაგან ყველაზე თვალშისაცემია ,,მე მიყვარს სოხუმი“. შენობა რვასართულიანია, ყველა სართული თითქმის იდენტურია, ოთახები ერთმანეთთან მჭიდროდაა განთავსებული, გრძელ სადარბაზოებში ექოსავით ისმის 18 კვადრატული მეტი ფართობის ოთახებიდან გამოსული ხმები.შორიდან თითქოს არაფრით გამორჩეული,უცნაური ფორმის შენობაა,რომლის ერთადერთი თვალსაჩინოება ახლოს მდებარე ,,საქართველოს მატიანეა“. მაგრამ გარშემო ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოების მიღმა, რაღაც ღირებულს ეძებენ, პოულობენ და ქმნიან ხელოვნებას. ასეთმა ადამიანებმა ,,ქართლს“ მოაგნეს და შვიდი წელი იშრომეს იმისთვის, რომ ფილმში გადმოეცათ ის რეალობა და ფასეულობები, რომლებიც ამ შენობაში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებდათ, უხაროდათ თუ სტკიოდათ. სწორედ თამარ კალანდაძე და ჟულიენ პებრელი აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. 2018 წლიდან, შვიდი წლის განმავლობაში, ისინი ამ შენობაში მასალებს აგროვებდნენ.2025 წელს კი გამოვიდა ფილმი ,,ქართლის ცხოვრება“, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამსტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
საინტერესოა, როდის და როგორ გაჩნდა იდეა ამ ფილმის გადაღების შესახებ. ფილმის ერთ-ერთი რეჟისორი თამარ კალანდაძე ამბობს: ,,ეს იყო 2018 წელი, მე მაშინ ვიყავი კავკასიის ახალი კინო სკოლის სტუდენტი, მაგისტრატურის მეორე დამამთავრებელ კურსზე და ჩემმა მეგობარმა კიტა ცხომარიამ, რომელიც თვითონ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების შვილი და ბავშვობა გაატარა საერთო საცხოვრებლის ტიპის შენობაში, წამომიყვანა „ქართლში“. უნდოდა, მენახა როგორია საერთო საცხოვრებლის ტიპის სახლში ცხოვრება. ეგონა, რომ თუ მე მაგ ადგილს ვნახავდი, მასზეც უფრო მეტ რაღაცას გავიგებდი, ვიდრე ვიცოდი. მე მქონდა უნივერსიტეტის კამერა და რაღაცებს გზადაგზა ვიღებდით და მახსოვს მესამე სართულის გვერდითა აივანზე ვართ, კამერა ჩართული მაქვს და ვიხედები ეკრანში და რაღაცა ჯადოსნური მოხდა იმ მომენტში. იმ მომენტიდან მე ვიცოდი, რომ უნდა დავრჩენილიყავი და უნდა ამომეხსნა, რამ მომაჯადოვა“.
რეჟისორისთვის საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ ერთმა შენობამ სრულიად განსხვავებული ადამიანები გააერთიანა, რომლებსაც ერთი ბედი ხვდათ წილად.
ფილმის სახელის ისტორიაც საინტერესოა. შენობის აივნებიდან ჩანს ზურაბ წერეთლის მიერ აშენებული ,,საქართველოს მატიანე“ , რომელიც მოიცავს ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიას და აღიქმება, როგორც ,,ქართლის ცხოვრება“. როგორც ჩვენი ისტორია არის ცოცხალი, ანალოგიურად ცოცხალი პროცესი იყო ცხოვრება ამ სანატორიუმში. ფილმზე მუშაობის პროცესზე რეჟისორი ამბობს: ,,ქართლმა“ და პირველ რიგში „ქართლში“ მცხოვრებმა ადამიანებმა იმდენად მიგვიღეს და იმდენად მოგვცეს იმის ფუფუნება, რომ ჩვენც ქართლის მცხოვრებლები გავმხდარიყავით, თუ კი ამ ფილმში რამე ღირსებაა, სიახლოვე რეჟისორებსა და ადამიანებს შორის პირველ რიგში „ქართლის“ მცხოვრებლების დამსახურებაა და ამ სიახლოვის გარეშე ეს ხარისხიც და მნიშვნელობაც არ გამოვიდოდა, არ გამოვიდოდა ბევრი ერთად გატარებული დროის გარეშე, იმიტომ, რომ ჩვენც იმდენი რაღაც ვისწავლეთ და ამ სწავლის პროცესში შევიცვალეთ, რომ ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ ეს ფილმი არის იმის დოკუმენტაცია, როგორ ვიცხოვრეთ ჩვენ შვიდი წელი ჩვენს მეგობრებთან ერთად ქართლში“.
ამსტერდამის კინოფესტივალზე ,,ქართლის ცხოვრება“ თავდაპირველად 1500 ფილმს შორის შეირჩა, საბოლოოდ კი 12 საუკეთესოს შორის. ფესტივალის განმავლობაში ფილმი 8-ჯერ აჩვენეს. აუდიტორიაზე კი ამ ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საქართველოში ფილმის ჩვენება დეკემბერში კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა, სადაც რეჟისორი სიტყვით გამოვიდა: „ეს იყო ცხოვრების შვიდწლიანი ციკლი, რომლის დროსაც ჩვენ ვისწავლეთ, გავიზარდეთ, ტრანსფორმაცია განვიცადეთ და ასე ვხედავ, ეს ფილმი არის ამ შვიდწლიანი ურთიერთობის დოკუმენტაცია. იმედია, რომ თქვენც შეგეხებათ ეს. ისედაც ძალიან, ძალიან მადლიერები ვართ ფესტივალის, რომ ამ სიტუაციაში ტარდება და დიდი მადლობა ყველას“.
ფილმის კიდევ ერთი მთავარი მოქმედი პირი ქართლის კედლებში მცხოვრები ირმა ნაჭყებიაა, რომელიც ამბობს, რომ რეჟისორებსა და სანატორიუმში მცხოვრებლებს შორის ისეთი კავშირი ჩამოყალიბდა, რომელიც უბრალო სამუშაო ურთიერთობას სცდებოდა: „ეს ურთიერთობა ამ შვიდი წლის განმავლობაში გადაიზარდა ძალიან კეთილ, გულღია, სიყვარულით სავსე ურთიერთობაში და რაც მთავარია, თამარმა და ჟულიენმა ჩვენ გული გაგვიღეს, ჩვენ კი ჩვენი ოჯახის კარები გავუღეთ და გულიც გავუღეთ. პირველად ფილმს მე ვუყურე ამსტერდამში, იდიფას საერთაშორისო ფესტივალზე დიდ ეკრანზე. ემოციები იყო ზღვა. იყო ტირილიც, იყო სიცილიც და მე ჩემს თავს არ ვუყურებდი, როგორც ირმას, ვუყურებდი გვერდიდან. მე არც მეგონა, რომ ამ ფილმს შევხედავდი, როგორც მაყურებელი“.
რაც შეეხება სანატორიუმ ქართლს, აქ მცხოვრები ხალხის პრობლემა აწ უკვე 33 წლის თავზე სახელმწიფომ გადაჭრა და ბინით დააკმაყოფილა. ეს ამბავი ამ ადამიანებს თან ახარებს, თან აშინებთ იმ ახალი ფურცლის გადაშლა, რაც ერთმანეთის გარეშე სრულიად სხვა გარემოში მოუწევთ. უამრავი ბრძოლა გამოიარეს იმისთვის, რომ ელემენტარული პირობები შეექმნათ ცხოვრებისთვის. მათ სჯერათ, რომ აუცილებლად, აუცილებლად დაბრუნდებიან აფხაზეთში. აფხაზეთი საქართველოა!