თბილისი (GBC) - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სურსათის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ვიდეომიმართვის საპასუხოდ 24 დეკემბერს წერს, რომ პარლამენტი კომისიას შექმნის და სურსათის ფასების ფორმირების პროცესს "საჯაროდ შეისწავლის".
„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი.
ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები.
ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.
საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“, – წერს პაპუაშვილი.
წინასაახალწლოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, - ევროპულთან შედარებით, - განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.
მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.
მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება“, - განაცხადა კობახიძემ.