თბილისი (GBC) - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაზე - „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა სექტორულ ჭრილში - შედეგები, მიღწევები და გამოწვევები“მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას მან სებ-ის პროექტებზე ისაუბრა, საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის და  კონკურენციის რეგულირებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. შესაბამისად, მუდმივად იხვეწება მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ხელს უწყობს საფინანსო სექტორში გარემოს გაუმჯობესებას. ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი, თავის მხრივ, სექტორის სტაბილურობის განმაპირობებელია", - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ამ მიმართულებით ბოლო 15 წლის საქმიანობა შეაჯამა. ისაუბრა თაღლითობის საპრევენციოდ დანერგილ დამატებით მოთხოვნებზე. ყურადღება გაამახვილა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის გაძლიერებაზე, რაც რისკების დროულ იდენტიფიცირების და მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაცვის შესაძლებლობას ქმნის.

გალდავამ მიმოიხილა სებ-ის უფლებადაცვითი პრაქტიკული საქმიანობის შედეგები. მისი ინფორმაციით, 09/2026-ის მდგომარეობით, მომხმარებელთა 4 600-ზე მეტი მოთხოვნაა განხილული. ასევე ისაუბრა სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის სამწლიან საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საგადახდო მომსახურებებთან დაკავშირებული დავების უფასოდ განხილვის შესაძლებლობა აქვს.

ვიცე-პრეზიდენტმა სამომავლო პრიორიტეტებში კლიენტზე მორგებული პროდუქტების და სერვისის განვითარება, სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების სტანდარტიზება და მეწარმე ქალთა ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობა დაასახელა.

საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნათია ჭყონიამ და კონკურენციის განყოფილების უფროსმა მარი ბასილაშვილმა.

პარასკევის პანელური დისკუსიის ფარგლებში, რომლის თემაა „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“,  სებ-ის საგადახდო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე საგადახდო მომსახურების ტარიფების და დეპოზიტების განაკვეთების შედარების პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს.

საერთაშორისო კონფერენციას 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტი უცხოელი დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი უწყებების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენცია, რომელიც საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება, GCCA, NBG, სემეკის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით იმართება.