თბილისი (GBC) – საქართველოში ზაფხულში ელექტროენერგიის სიჭარბე, ზამთარში კი დეფიციტია. Galt & Taggart-ის შეფასებით, ენერგეტიკის ახალ აუქციონზე პრიორიტეტი წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს უნდა მიენიჭოს, მზის სადგურების განვითარება კი ქსელის შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს.
კვლევის მიხედვით, 2026 წლის მაის-ივლისში ელექტროენერგიის გამომუშავების შეზღუდვამ 0.5 ტვტ.სთ შეადგინა, რაც სადგურებისთვის დაახლოებით 67 მლნ ლარის მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს. ამასთან, წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების 25.8% იმპორტმა და თბოსადგურებმა უზრუნველყო.
Galt & Taggart-ის შეფასებით, მოქმედი მხარდაჭერის პირობებით მზის სადგურების ინვესტიციის უკუგება 15.2%-ია, ქარის სადგურების – 12.5%, მოდინებაზე მომუშავე ჰესების კი – 8.5%. ამასთან, ზამთრის დეფიციტის შემცირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს შეუძლიათ შეასრულონ.
კვლევა აუქციონის პირობების გადახედვას, ინვესტორებისთვის გამჭვირვალე წესების წინასწარ განსაზღვრას, ქსელის განვითარების გეგმის გამოქვეყნებას და ზაფხულში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის წახალისებას გვთავაზობს.
Galt & Taggart-ის ოპტიმისტური სცენარით, თუ ყველა დაგეგმილი პროექტი განხორციელდება, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გენერაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ახალმა აუქციონმა ქვეყნის ენერგოსისტემის რეალურ საჭიროებებს უნდა უპასუხოს.
