თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წელს ანგარიშის თანახმად, შარშან საგადახდო ბაზარზე ინოვაციური სერვისების განვითარების კვალდაკვალ აქტიურად გაგრძელდა კომერციული ბანკების მობილური აპლიკაციების (მათ შორის, Google Pay და Apple Pay) დანერგვის და მეტად დახვეწის პროცესი, რამაც განაპირობა ამ აპლიკაციებით შესრულებული საბარათე ოპერაციების ზრდა. კერძოდ, 2022 წელთან შედარებით მობილური აპლიკაციებით შესრულებული ოპერაციები 53 პროცენტით გაიზარდა რაოდენობრივად, ხოლო თანხობრივად 33 პროცენტით.
2023 წელს საბარათე ინსტრუმენტით ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების თანხის წლიური ზრდის ტემპი მკვეთრი შემცირებით ხასიათდება, კერძოდ, 2022 წელს ნაჩვენები 31.6 პროცენტიდან 2023 წელს 11.6 პროცენტამდე შემცირდა. რაც შეეხება უნაღდო საბარათე გადახდის ოპერაციების თანხას, მისი წლიური ზრდის ტემპი 2023 წელს შეადგენდა 37.8 პროცენტს, რაც 10 პროცენტული პუნქტით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ანალოგიური ტენდენცია აღინიშნება საბარათე ინსტრუმენტით შესრულებული ოპერაციების რაოდენობის მხრივაც: 2023 წელს ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების რაოდენობის ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა 8.7 პროცენტი, რაც 5.4 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება 2022 წლის ანალოგიური მაჩვენებელს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საბარათე ინსტრუმენტით უნაღდო გადახდების ზრდის ტემპი გაიზარდა 3.3 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 36.9 პროცენტი.
2015-2023 წლებში საბარათე ოპერაციების რაოდენობრივი და თანხობრივი მაჩვენებლების წლიური ზრდა იხ. დიაგრამა N10.13-ზე

საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებული ნაღდი ფულის გატანისა და უნაღდო გადახდების ზემოთ აღნიშნული დინამიკა დადებითად აისახა უნაღდო გადახდების წილის ზრდაზეც, რომელიც 2021-2022 წლებში შესამჩნევად შენელებული იყო წინა წლების დინამიკასთან შედარებით. კერძოდ, უნაღდო გადახდის ოპერაციების წილი სულ საბარათე ოპერაციების თანხაში გაიზარდა 5 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 43 პროცენტი.

2023 წელს საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით სულ შესრულდა 894 მილიონი ოპერაცია საერთო თანხით 72.3 მილიარდი ლარი. აქედან, ქვეყნის შიგნით შესრულდა ოპერაციების რაოდენობის 92 პროცენტი და თანხის 90 პროცენტი, რაც უმნიშვნელოდ განსხვავდება გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლებისგან. აღსანიშნავია, რომ უცხოეთში განხორციელებული ოპერაციებისათვის მნიშვნელოვნად მაღალია უნაღდო გადახდების წილი (როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად) საქართველოში შესრულებულ ოპერაციებთან შედარებით. კერძოდ, ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების წილი თანხობრივად უცხოეთში შეადგენს 10.8 პროცენტს (რაოდენობრივი მაჩვენებლებით 1.3 პროცენტი), საქართველოში - 61.6 პროცენტს (რაოდენობრივად 12.5 პროცენტი). ამასთან, საყურადღებოა, რომ გადახდის (ფიზიკური) პოსტერმინალებით ოპერაციების წილის ზრდის ტენდენცია თითქმის ერთნაირადაა გამოკვეთილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ოპერაციებისათვის.