თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის (G&T) გუნდის წევრები ბაქოში საერთაშორისო Caspian Investment Forum-ის მე-20 საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე რეგიონში ფინანსური სექტორის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები კაპიტალის ბაზრების განვითარების, ინვესტიციების ზრდისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე სადისკუსიოდ შეკრიბნენ.

ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პანელური დისკუსია Trading of Securities in the Secondary Market, რომელშიც წამყვანი საინვესტიცუიო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ გამოცდილება გააზიარა. პანელის სხვა სპიკერებს შორის აზერბაიჯანის ეროვნული დეპოზიტარის, ბაქოს საფონდო ბირჟისა და DriveWealth-ის წარმომადგენლები იყვნენ.

ქეთევან თოიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კაპიტალის ბაზრების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

მისი შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კაპიტალის ბაზრების მიმართულებით ინიციატივების განხორციელება:

„ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად გავზარდოთ კაპიტალის ნაკადები ბაზრებს შორის რეგულაციების თანხვედრის, ინფრასტრუქტურული ინტეგრაციის, ინვესტორებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ციფრული პლატფორმების ურთიერთდაკავშირების გზით. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ბირჟებს, საინვესტიციო კომპანიებსა და მარეგულირებლებს შორის ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და რეგიონში ფინანსურ მდგრადობას გააძლიერებს“, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.

G&T, როგორც ქვეყანაში წამყვანი საინვესტიციო ბანკი, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოზიციონირების გაძლიერებაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს.

(R)